საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 3 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ბერუჩაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მათ განიხილეს „რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების თემები“, მათ შორის რუსეთის ახალი ხელშეკრულება სეპარატისტულ აფხაზეთთან და გაფართოებული თანამშრომლობის პაკეტის განხორციელება, რომელიც სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე იქნა შეთანხმებული.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაი 4–5 დეკემბერს საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.