საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, რომელიც 4-5 დეკემბერს ეუთოს ყოველწლიურ მინისტერიალს მასპინძლობს.
საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ამერიკელ კოლეგასთან პირველი შეხვედრის შემდეგ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა „ურყევი და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პრიორიტეტების განხორციელებასთან დაკავშირებით“.
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ რაც შეიძლება დროულად ავამოქმედოთ უელსის სამიტის შედეგად მიღებული შესაძლებლობები“, – განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა ნატოს მიერ სექტემბრის სამიტზე საქართველოსთვის შემოთავაზებული „არსებითი პაკეტი“.
„ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული ასევე ჩვენ მხარდაჭერაში, რაც შეიძლება ეფექტიანად განახორციელოს საქართველომ ყველა ის რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია ევროკაშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა და დასძინა, რომ აშშ „ყველა პოლიტიკური გზებით ლობირებას გაუწევს იმას, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან“.
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი უკვე შეხვდა თავის ფინელ, რუმინელ და სომეხ კოლეგებს, ასევე ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის და ODIHR-ის ხელმძღვანელს ჯორჯ ლინკს.