საქართველო აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციაში

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ 4 დეკემბერს 411 ხმით 10–ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის „მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო აგრესიას“ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას წინააღმდეგ.

რეზოლუციაში, რომლის ავტორიც არის ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისიდან, ნათქვამია, რომ „რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების განთავსებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და ახორციელებს ზომებს, რომლებიც ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში თანდათანობით ინტეგრაციას ემსახურება“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავაც იყენებს საქართველოს წინააღმდეგ „პოლიტიკური და სამხედრო დაშინების, ეკონომიკური იძულების და აგრესიის სხვა ფორმებს, რათა საკუთარი კონტროლი დაამყაროს ქვეყანაზე და ხელი შეუშალოს საქართველოს, რომ უფრო ახლო ურთიერთობები ჰქონდეს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, რომ „გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიებიდან, და დაასრულოს სეპარატისტული ძალების პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა“.

რეზოლუცია მოუწოდებს თეთრ სახლს უკრაინა „თავდაცვითი აღჭურვილობით, მომსახურებით და წვრთნით“ უზრუნველყოს, ასევე ითანამშრომლოს პარტნიორებთან ევროპასა და სხვა ქვეყნებში, რათა „სავიზო აკრძალვები, აქტივების დაყადაღება, დარგობრივი სანქციები და სხვა ზომები დაუწესოს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, რათა „აიძულოს ის, რომ დაასრულოს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან და დაამთავროს სეპარატისტული და გასამხედროებული ძალებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“.

რეზოლუცია ასევე ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას უფლების მიმართ, რომ „გამოიყენონ გარე ჩარევისგან თავისუფალი საკუთარი სუვერენული უფლებები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და წარმართონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა თავიანთი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)