„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი გადადგა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ზვიად ჯანყარაშვილმა ეს პარტიული თანამდებობა მისი დაკავებიდან ორ თვეში საკუთარი სურვილით დატოვა.

პარტიაში, რომელიც ხუთ-სუბიექტიანი მმართველი კოალიციის წევრია და რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს, განმარტავენ, რომ აღმასრულებელმა მდივანმა ეს გადაწყვეტილება იმ სპეკულაციების დასრულების მიზნით მიიღო, რომელიც ღარიბაშვილის ოჯახთან მის ნათესაობას უკავშირდება.

ამ მიზეზით ჯანყარაშვილმა უკვე მეორე თანამდებობა დატოვა. მან აპრილში უარი თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობაზე.

სულ ბოლოს ჯანყარაშვილთან დაკავშირებით პრესაში გამოითქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა ის უკრაინაში ელჩად დანიშნულიყო.

თუმცა პარტიის ცნობით, იგი „არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს“.