აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ყარსში გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მომდევნო კვირას თურქეთს ეწვევა და თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად სამმხრივ შეხვედრას გამართავს.

 საგარეო საქმეთა მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა 10 დეკემბერს ქალაქ ყარსში გაიმართება.

„შეხვედრის ფარგლებში მინისტრები შეხედულებებს გაცვლიან რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე საერთო ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებით და ასევე წინა შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მიმოიხილავენ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 დეკემბერს.

პირველი სამმხრივი შეხვედრა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2012 წლის ივნისში ტრაბზონში გაიმართა, ხოლო ბოლო შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში 2014 წლის თებერვალში შედგა

„საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, სადაც ორმხრივი და რეგიონალური საკითხების დეტალური შეფასება ხორციელდება, ხელს უწყობს ყველა სფეროში ერთიანი გაგების ჩამოყალიბებას საერთო ინტერესის საფუძველზე, ასევე ეხმარება რეგიონალური სტაბილურობის და უსაფრთხოების გაძლიერებას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების პირველი სამმხრივი სამიტი თბილისში 2014 წლის მაისში  გაიმართა, რასაც მოყვა სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნახიჭევანში აგვისტოში.

სამმხრივ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 9 დეკემბერს თავის თურქ კოლეგას  მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება.

„შეხვედრის დროს მინისტრები თურქეთსა და საქართველოს შორის ყველა სფეროში  ორმხრივი ურთიერთობების და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობის პერსპექტივებს განიხილავენ და შეხედულებებს გაცვლიან რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენებზე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, „ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ შესანიშნავ ურთიერთობებს, რომელიც უკვე არსებობს თურქეთსა და საქართველოს შორის“.