ბერუჩაშვილი თურქეთს სტუმრობს
თურქეთმა და საქართველომ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ჩამოაყალიბონ მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, განაცხადეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 9 დეკემბერს ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭო, რომლის თავმჯდომარეებიც ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრები იქნებიან, წელიწადში ერთხელ შეიკრიბება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს.
საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, თამარ ბერუჩაშვილი და მევლუთ ჩავუშოღლუ, 10 დეკემბერს ყარსს ეწვევიან, სადაც მათ აზერბაიჯანელი კოლეგა, ელმარ მამადიაროვი შეუერთდება. ეს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც 2012 წელს ამ ფორმატს ჩაეყარა საფუძველი.
თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ქვეყნის სურვილი, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები, რასაც, მისი თქმით, „სტრატეგიული ღირებულება“ აქვს.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
1- Pleased to welcome Georgian FM Beruchashvili in Turkey, on her first official bilateral visit abroad pic.twitter.com/httXN0ofK9
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) December 9, 2014
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ–ერთი საკითხი, რომელიც მინისტრებმა განიხილეს იყო მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია საქართველოში – ეს ის მაჰმადიანი მესხები ან მათი შთამომავლები არიან, რომლებიც იოსებ სტალინმა 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადაასახლა. თურქული მხარე ამ საკითხს რეგულარულად აყენებს ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთან, რომელმაც მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო. საქართველომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონი 2007 წელს მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცახდა, რომ შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ასევე რუსეთის ახალი ხელშეკრულება სეპარატისტულ აფხაზეთთან, რომელსაც თბილისი გმობს როგორც „ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ“ გადადგმულ ნაბიჯს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 9 დეკემბერს ასევე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნას, რომლის პირველი სხდომაც მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება და მას თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკული პროექტებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ „ერთობლივი ეკონომიკური-ენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვის“.
თურქეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.