შეიარაღებული ძალების რაოდენობა 37 ათასით განისაზღვრა

პარლამენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული რაოდენობა კვლავ 37 ათასით განსაზღვრა.

თუმცა წელს პირველად ეს ყოველწლიური გადაწყვეტილება პარლამენტმა თავისი დადგენილების ფორმით მიიღო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს  – ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინების საფუძველზე. წინა წლებში ეს გადაწყვეტილება კანონის სახით მიიღებოდა, თუმცა პარლამენტმა ეს წესი ცოტა ხნის წინ შეცვალა, ვინაიდან პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. შესაბამისად, სამხედრო ძალების ოდენობა პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.