საქართველოს ყოფილი შს მინისტრის მოადგილე უკრაინაში იგივე თანამდებობაზე ინიშნება

ეკა ზღულაძე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მეორე წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინის მთავრობაში დაიკავებს თანამდებობას მას შემდეგ, რაც ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თვის დასაწყისში უკრაინის ჯანდაცვის უწყება ჩაიბარა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ზღულაძეს უკრაინის მოქალაქეობა 13 დეკემბერს მიანიჭა და განაცხადა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კანდიდატია. მან იმედი გამოთქვა, რომ ის კორუფციის აღმოფხვრას დაეხმარება უკრაინის საგზაო პოლიციაში.

„როგორც პრეზიდენტს, მე თქვენი იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, რომ თქვენი უნიკალური როლი მთავრობაში დაეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოური სისტემის გარდაქმნას ევროპულ სისტემად“, – უთხრა პოროშენკომ ზღულაძეს მისთვის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ.

„იმედი მაქვს, რომ რეფორმირების შემდეგ, უკრაინის საგზაო პოლიციელები შეწყვეტენ ქრთამის აღებას, როგორც ეს საქართველოში მოხდა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
 
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა Facebook-ის გვერდზე 12 დეკემბერს, რომ მომდევნო კვირას მოქალაქეობის შესახებ ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, იგი სთხოვს მთავრობას, რომ ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნოს.
 
36 წლის ეკა ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2006-2012 წლებში მსახურობდა.
 
უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი ოფიციალური პირების დანიშვნას თბილისში არ მიესალმნენ.
 
ზღულაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ საუბრისას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა: „უკრაინა, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საყვარელი და მართლაც საამაყო მეზობელი ქვეყანა, ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მინისტრებს“.
 
„ვწუხვარ, რომ ვერ დაინახეს ამხელა მოსახლეობაში მართლა ძალიან ბევრი ღირსეული ვინც შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ არ შევიმჩნიოთ, ეს გარკვეულ ხინჯს [საქართველო-უკრაინის] ურთიერთობებში გააჩენს“, – განაცხადა საგანელიძემ.

ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ნოემბრის ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც საქართველოში ბრალი აქვს წარდგენილი და იძებნება საქართველოს ხელისუფლების მიერ, უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის თაობაზე. სააკაშვილმა აღნიშნა მაშინ, რომ მან ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგანაც არ სურდა საქართველოს მოქალაქობაზე უარის თქმა უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ.  
 
ამ საკითხზე კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ „არ არის სასურველი“, როდესაც უკრაინის ხელისუფლება განიხილავს იმ პირის შესაძლო დანიშვნას, რომელიც იძებნება საქართველოს ხელისუფლების მიერ.  ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იანვარში ან თებერვალში უკრაინაში მისი ვიზიტის მოსამზადებლად.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)