საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 14–15 დეკემბერს ორდღიანი ვიზიტით თურქმენეთს სტუმრობს, სადაც თავის თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თურქმენეთს „მნიშვნელოვან და საიმედო“ პარტნიორად განიხილავს ცენტრალური აზიის რეგიონში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკის, კერძოდ კი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში.

„გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, იგეგმება ანალოგიური შეთანხმების გაფორმება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც, რომელიც ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ ხარისხს ითვალისწინებს. ქართული მხარის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის განზრახვას ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს მზარდ  ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაცით, საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.