პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 18 დეკემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რათა ქვეყანა „უმაღლეს დონეზე“ წარმოადგინოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების კენჭისყრისას, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
რატიფიცირებამდე, ევროპარლამენტარები 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატებს გეგმავენ.
განცხადება ევროპარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ 17 დეკემბერს გაავრცელა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ექსპერტმა, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მაღალი რანგის დელეგაცია, არც მთავრობიდან და არც პარლამენტიდან, არ გეგმავდა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დასწრებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებამდე, პარლამენტის ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთდაერთი ოფიციალური პირები იყვნენ, რომლებიც ევროპარლამენტში სტუმრობას გეგმავდნენ. ვიცე–პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა 17 დეკემბერს, რომ სტრასბურგში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აპირებდა, თუმცა ვერ შეძლო ჯანმრთელობის პრობლემების გამო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებამდე, ვრცელდებოდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განზრახვამ, რომ ევროპარლამენტს წვეოდა ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით, თავი შეაკავებინა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიზიტისგან.
„ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 17 დეკემბერს, „შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი“.
ამ ეტაპისთვის ხელშეკრულების რატიფიცირება შემდეგმა ათმა ქვეყანამ მოახდინა: რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და ხორვატია.
საქართველომ, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, 27 ივნისს მოაწერა ხელი, ხოლო მისი რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა.
ხელშეკრულება, რომელიც დროებითი გამოყენების რეჟიმში უკვე მოქმედებს, სრულფასოვნად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროპარლამენტი და ევროკავშირის 28-ვე წევრი სახელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას.
გარდა ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისა, ევროპარლამენტის წევრები 18 დეკემბერს ასევე უყრიან კენჭს საქართველოს შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის მქონე რეზოლუციის პროექტს.
მიესალმება რა საქართველოს ხელისუფლების „ბოლოდროინდელ რეფორმებს“, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების „გაძლიერებისკენ“ არის მიმართული, რეზოლუციის პროექტი გამოხატავს შეშფოთებას „პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო“ და იმ ყოფილი მაღალჩინოსნების და ამჟამინდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, რომელთაც ამჟამად ბრალი აქვთ წარდგენილი ან დაპატიმრებულნი არიან. პროექტი ასევე "შეშფოთებას“ გამოხატავს „პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად სასამართლო სისტემის პოტენციური გამოყენების გამო“, რამაც შესაძლოა შეარყიოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა დემოკრატიული რეფორმების კუთხით.
პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაძლიერებას, რომლებიც დემოკრატიის (კერძოდ, სასამართლო ინსტიტუტების), კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზე და ასევე ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სისტემის გაძლიერებაზე არიან პასუხისმგებელნი; კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ხელისუფლების სამივე შტო იყოს განცალკევებული; მოუწოდებს ხელისუფლების გადანაწილების სისტემის ეფექტური გამოყენებისკენ, კონტროლის მექანიზმებთან ერთად“.
ის ასევე „აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებას და საჭიროებას, რომ შესაბამისად და სრულად იქნას გამოძიებული ყველა ბრალდება ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე; იმეორებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში პრიორიტეტად რჩება როგორც თბილისისთვის, ისე ევროკავშირისთვის; აღიარებს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს და საპროცესო უფლებების გარანტიას.“
პროექტი აღნიშნავს პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას იმ ძირითადი რეფორმების და ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს, „შეთანხმებული ევროპული არჩევანის სულისკვეთებით“ და მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს „თავიდან აიცილონ წინა მთავრობების დამახასიათებელი მიდგომა ‘მოგებულს ყველაფერი მიაქვს’, რათა ქართული საზოგადოების დიდი ხნის პოლარიზაცია გადალახონ“.
პროექტი „აღიარებს, რომ ბრალდებები ე.წ. შერჩევითი სამართლის საქმეებთან დაკავშირებით უარყოფით გავლენას ახდენს“ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „თავიდან აიცილოს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღად გამოყენება“.
რეზოლუციის პროექტი აღნიშნავს, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივა გააჩნია და შესაძლოა მიმართოს კავშირს წევრობისთვის იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ადამიანის და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“. პროექტში ნათქვამია, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმება „თავისთავად დასასრული არ არის, არამედ უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომელიც სამართლებრივად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სოციალურად ქვეყანას ევროპულ სივრცეში შეიყვანს“.
პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციას, როგორც ევროკავშირი–საქართველოს უფრო ახლო ურთიერთობების უახლოეს ნიშანს და ხალხისთვის პირდაპირ სარგებელს“.
რეზოლუციის პროექტი ასევე მიმოიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც ეხება საქართველოს ურთიერთობებს რუსეთთან და მის სეპარატისტულ რეგიონებთან.
ის მოუწოდებს მოსკოვს, რომ „გააუქმოს“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და „დაასრულოს ოკუპაცია“ ამ რეგიონებში. ის შეშფოთებას გამოხატავს მოსკოვსა და სოხუმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების გამო, რომელსაც ნოემბერში მოეწერა ხელი.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“ და მოუწოდებს მოსკოვს, რომ „კონსტრუქციულად ჩაერთოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების გამოძებნაში და კერძოდ, ჟენევის დისკუსიებში“. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი „წუხილს გამოთქვამს… ჟენევის მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესის ნაკლებობის გამო, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს და მოაგვაროს კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ყველა წუხილი“ და „ამ პროცესში ევროკავშირის უფრო ეფექტური როლის შესრულებისკენ“ მოუწოდებს.