ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა პროკურატურის რეფორმირების საკითხს განიხილავს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს პროკურატურის „ინსტიტუციური რეფორმის“ საკითხი ამ საგამოძიებო უწყების  „დამოუკიდებლობისა“ და „ანგარიშვალდებულების“ გასაზრდელად.  

„მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თეას, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ რეფორმაზე“, – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს დილით, მიმართა რა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.

„და თუ რომელი მოდელისკენ წავალთ, ეს უნდა გვაჩვენოს მუშაობის პროცესმა, გამოიკვეთება სხვადასხვა აზრი.  რაც მთავარია, უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტი იქნება ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი  და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულების საკითხი იყოს მკაფიოდ განსაზღვრული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რეფორმის შემუშავების პროცესში ასევე უნდა ჩაერთოს არასამთავრობო სექტორიც.

მან იუსტიციის მინისტრს მოუწოდა, რომ სხვებთან ერთად ასევე ითანამშრომლოს ყოფილ მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან, რომლის „არასამთავრობო ორგანიზაციაც მუშაობს აქტიურად ამ საკითხზე“.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა: „ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს, ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას საქართველოში“. 

საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომლის მიღებასაც ევროპარლამენტი 18 დეკემბრის სხდომაზე საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პარალელურად გეგმავს, სხვა საკითხებთან ერთად, შეშფოთებას გამოხატავს „პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამოც“.

ნოემბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე გააკრიტიკა პროკურატურის მხრიდან ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და აღიარა, რომ ამ მიმართულებით შეცდომები იქნა დაშვებული.

მართალია კონსტიტუციით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, მაგრამ შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ფაქტიურად სრულიად ჩამოაცილეს პროკურატურის ზედამხედველობას.

„მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა უსუფაშვილმა 28 ნოემბერს, „ადეიშვილზე შეშინებულებმა, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკურატურას და იმან დააქცია ძალიან ბევრი რამ, პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პროკურატურის უწყებას შორის და მივიღეთ სერიოზული პრობლემები“.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ მთავრობამ ასევე უნდა განიხილოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხი ამ უწყებიდან უსაფრთხოების სტრუქტურების გამოყოფის გზით.

„მნიშვნელოვანი არის, რომ არ დარჩეს არცერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი და რომელიც ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე ახლა; საქართველოში ინსტიტუციოლალური დემოკრატიის მშენებლობა სწორედ ამას გულისხმობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)