ქართველი დიპლომატი მაღალი დონის მოლაპარაკებებზე პუტინის განცხადებას პასუხობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ნებისმიერი მაღალი დონის მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს ორმხრივ ურთიერთობებში „მთავარი პრობლემური“ საკითხების ეტაპობრივ მოგვარებას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 18 დეკემბერს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას საქართველოს და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რომ რუსეთი „მოხარული“ იქნება იხილოს საქართველოს ხელმძღვანელობა მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის, თუ თბილისი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.

„ამასთან დაკავშირებით, კვლავ ვადასტურებთ ასეთი შეხვედრის შესაძლებლობას, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია მისი სერიოზული, დეტალური მომზადება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პუტინის განცხადების კომენტირებისას.

„კერძოდ, უპირველესად, შესათანხმებელია შეხვედრის ადგილი, დრო და, რაც მთავარია, განსახილველი თემები. ჩვენი აზრით, ქართულ–რუსული შეხვედრა უმაღლეს დონეზე, ორიენტირებული უნდა იყოს ორმხრივ ურთიერთობებში მთავარი პრობლემური საკითხების განხილვაზე, იგი მიზნად უნდა ისახავდეს რეალური შედეგების მიღწევას ამ პრობლემების ეტაპობრივი მოგვარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ქართველმა დიპლომატმა.  

„რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებულ კომენტარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტებთან დაკავშირებით, აშკარად ჩანს ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის პოზიციების არსებითი სხვაობა“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)