ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ესტონეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კეიტ პენტუს-როსიმანნუსი 19 დეკემბერს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.
თავის ქართველ კოლეგასთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე, რომელიც 2015 წლის მაისში გაიმართება, შესაძლებელი გახდება საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილებების მიღება.
„ესტონეთის მხრიდან, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რიგის სამიტზე დავინახავთ, რომ შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება უვიზო მიმოსვლაზე. ესტონეთი საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერია ამ საკითხში. პროცესი და განხორციელება და ყველა ის მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც თქვენ ჩაატარეთ, ძალიან კარგი და შესანიშნავი იყო“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"#Estonia supports #Georgia’s aspiration to join @NATO"- FM Keit Pentus-Rosimannus #NATO #Integration #readytosupport pic.twitter.com/udSDlZD6uA
— MFA of Georgia (@MFAgovge) December 19, 2014
თბილისში ის ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მავთულხლართებით შემოსაზღვრულ სოფელ ხურვალეთსაც ესტუმრება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კეიტ პენტუს-როსიმანნუსმა განაცხადა, რომ საქართველოს მიღწევები ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით „შესანიშნავია“.
მიულოცა რა საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, ესტონეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ახლა ყურადღება მის განხორციელებაზე უნდა გამახვილდეს, რაც „დიდი ამოცანაა როგორც მთავრობისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის“.
თავის ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ელექტრონული ბინადრობა შესთავაზა მოქალაქეობის არ მქონე პირებს, რაც ესტონეთის ელექტრონულ მომსახურებებს ხელმისაწვდომს ხდის მათთვის. მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბინადრობის ელექტრონული ID ბარათი გადასცა.