ქართველი მოხალისე მებრძოლი უკრაინაში დაიღუპა
საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, ლუგანსკის რეგიონში მოკლეს, იტყობინება უკრაინული და ქართული მედია.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც „ჩუჟოის“ მეტსახელით იბრძოდა, ქალაქ სჩასტიაში 19 დეკემბერს მოკლეს.
უკრაინამ განაცხადა, რომ მისი 5 ჯარისკაცი დაიღუპა 19 დეკემბერს, რაც ყველაზე დიდი დანაკარგია 9 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის ბოლო მცდელობას ჰქონდა ადგილი.
გასულ კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა აღმოსავლეთ უკრაინაში მომზადებული ხანგრძლივი სიუჟეტი მიუძღვნა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს. სიუჟეტში „ქართული ლეგიონის“ სამ ქართველ მებრძოლთან ინტერვიუ იყო წარმოდგენილი და მათ შორის იყო გარდაცვლილი გრიგოლაშვილი.
„ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს; ჩვენი ამოცანაა მათი გაწვრთნა და დახმარება დაზვერვის სფეროში… ეს იყო ჩვენი პატრიოტული სურვილი, ჩამოვედით და ვეხმარებით უკრაინელებს დამპყრობლების წინააღმდეგ“, – განუცხადა გრიგოლაშვილმა „რუსთავი 2“–ს ინტერვიუში, რომელიც ქალაქ სჩასტიას ტრაფარეტთან ჩაიწერა.
ცოტა ხნის წინ გრიგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა ასევე უკრაინის სატელევიზიო არხმა „ინტერმა“, სადაც ის ამბობს, რომ ის „უკვე თვეზე მეტია“ არის აიდარის ბატალიონთან. ინტერვიუ მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძე კვირის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინას სტუმრობდა; ის უკრაინული ძალების პოზიციებს სტუმრობდა ფრონტის ხაზზე ქვეყნის აღმოსავლეთით.
ინფორმაცია უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისეების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა, "რუსთავი 2"-ის სიუჟეტის თანახმად, ქართველები სხვადასხვა უკრაინულ ბატალიონებში არიან დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე სამხრეთის სანაპირო ქალაქ მარიუპოლში.
ერთმა ქართველმა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, უთხრა „რუსთავი 2“–ს, რომ ქართველები მოწინააღმდეგე მხარესაც იბრძვიან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთმა გაგზავნა.
„სად მზადდება ეს ხალხი და როგორ მზადდება, ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გავარკვევთ აუცილებლად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უკრაინულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს ერთ–ერთი ქართველი, რომელიც პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.
ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მებრძოლების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 10 დეკემბერს განცხადება გააკეთა და მათ დაბრუნებისკენ მოუწოდა.