ღარიბაშვილი საყდრისის შესახებ კომენტარს აკეთებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საყდრისის საკითხის აქტუალიზაციას ის „ვიწრო ჯგუფი“ ახდენს, რომელსაც გააჩნია ინტერესი, რომ მიღებული გრანტებით განაგრძოს ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები.
რუსი ინვესტორების მფლობელობაში არსებულმა კომპანია RMG-მ ოქროს მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს დაიწყო საყრდისში, რომელზეც ზოგიერთი არქეოლოგი ფიქრობს, რომ უძველეს ოქროს მაღაროს წარმოადგენს.
ეს ადგილი 2013 წლიდან მოყოლებული დავის საგანს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო, 2014 წლის მარტში კი კომპანია RMG–ის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების წინააღმდეგობის შედეგად, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც დაუჭირეს მხარი RMG–ს აქამდე სამუშაოების დაწყების საშუალება არ ეძლეოდა.
კულტურის სამინისტროს 2014 წლის მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში გაასაჩივრა; საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, დროებითი ზომის სახით სასამართლომ ივნისის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომ სადავო უბანზე არ განხორციელებულიყო არანაირი სამუშაოები.
თუმცა 13 დეკემბერს RMG–მ განაცხადა, რომ საყდრისში მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო და აფეთქებები განახორციელა. რუსეთის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, რომელშიც დაახლოებით 3 ათასი მოქალაქეა დასაქმებული, ძირითადად, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, მას შემდეგ შეძლო სამუშაოების დაწყება, რაც კულტურის სამინისტრომ მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე 12 დეკემბერს ახალი ნებართვა მისცა.
ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან; ქმედება ასევე დაგმო საქართველოს საპატრიარქომ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე საყდრის ოქროს საბადოზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება „დაუშვებელია.“
20 დეკემბერს ამ საკითხის კომენტირებისას პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე არ მახსოვს ამ წლის განმავლობაში ვიღაცას ეხსენებინა საყდრისი–ყაჩაღიანი; ეს იყო რაღაც ვიწრო ჯგუფის მიერ გამოჩენილი ინტერესი, რომელსაც ქონდა მოძიებული გრანტი 1 მლნ ევროს ოდენობით. ასევე ჩემი ინფორმაციით, რაც მე მითხრეს, დამატებით ელოდებოდნენ გრანტს, რომ გაეგრძელებინათ არქეოლოგიური თხრები“.
„ეს ყველაფერი კარგია – არქეოლოგიაც კარგია, კულტურული ძეგლიც ძალიან კარგია, მაგრამ აქეთ არის 3 ათასი ოჯახის შენახვა, მათი ოჯახური კეთილდღეობა“, – განაცხადა მან მხედველობაში ჰყავდა რა კომპანია RMG-ში დასაქმებულები, რომელთაც ბოლო დღეებში ასევე გამართეს ადგილზე აქციები საყრდისის საბადოზე მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით.
„მე მივმართავ საზოგადოებას – რომელი გვირჩევნია, რომ 3 ათასი ოჯახი და მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც არის მიბმული მთლიანად ამ კომპანიაზე, ეს გადავარჩინოთ თუ მეორე გადავარჩინოთ თუ რაღაც შევინახოთ, არაფერში არ გამოგვადგეს ეს არქეოლოგიური ობიექტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობის მისამართით ბრალდება, რომ ის „არ აქცევს ან ნაკლებ ყურადღებას აქცევს კულტურულ ძეგლებს, არის ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო“.