მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა
გასულ კვირას არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 22 დეკემბერს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების – ნაციონალური მოძრაობის და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდა.
პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების სერია პრეზიდენტის მიერ 24 ნოემბერს გაჟღერებული ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ანექსიის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებზე კონსენსუსის მიღწევას იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს "მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ხელშეკრულებას. პრეზიდენტი ასევე გეგმავს შეხვედრას კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებთანაც.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა 22 დეკემბერს, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. მისი თქმით, ეს არის კონსენსუსის ძიების პროცესი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს შეხედულებების გაცვლა, რომლებიც გაანალიზდება და შემდგომ აისახება იმ ხედვაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჩამოაყალიბებს.