პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან უსიამოვნოა“, როცა პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის წინააღმდეგ ერთიანდება მას შემდეგ, რაც სამინისტროს მიერ უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს შესახებ განცხადებას, რომელზეც უწყებამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, საყოველთაო დაგმობა მოჰყვა.
„მე მინდა გამოუხატო ჩემი თანადგომა გარდაცვლილის ოჯახს, გავიზიარო მათი მწუხარება. ჩვენთვის თოთოეული ქართველის სიცოცხლე არის ფასეული, მითუმეტეს, როდესაც ადამიანი კვდება უცხოეთში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 22 დეკემბერს.
საქართველოს 32 წლის მოქალაქე, ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა ქვეყნის აღმოსავლეთით, ლუგანსკის რეგიონში 19 დეკემბერს ღამით მოკლეს. მისი ცხედარი საქართველოში კვირას გადმოასვენეს მას შემდეგ, რაც 20 დეკემბერს კიევის ცენტრში პანაშვიდი გადაუხადეს. 20 დეკემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში თავდაცვის სამინისტრომ თანაგრძნობა გამოთქვა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ „სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, რადგანაც ისინი აქეზებენ ქართველებს, რომ იბრძოლონ უკრაინაში. თავდაცვის სამინისტრომ ასევე მოუწოდა „ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“.
ამ განცხადებას ფართომასშტაბიანი დაგმობა მოჰყვა როგორც პოლიტიკური სპექტრის ნაწილის, ასევე საზოგადოების მხრიდან. მწვავე რეაგირების ფონზე განცხადების გაკეთება მოუწია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც ამ "პოლიტიკური შინაარსის" განცხადებას „შეცდომა“ უწოდა, მინისტრს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ არ იყო საჭირო ამ საკითხი „დრამატიზირება“. ამ კომენტარის შემდეგ სამინისტრომ განცხადება მისი ვებ-გვერდიდან წაშალა.
ამ დრომდე მინისტრ ჯანელიძეს საკითხზე არანაირი კომენტარი პირადად არ გაუკეთებია; მისმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა ბოდიში მოიხადა, თუმცა შეეცადა, რომ პასუხისმგებლობა სადავო განცხადების თაობაზე სამინისტროს რიგით თანამშრომლებზე დაეკისრებინა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი წინასწარ არ იყო ინფორმირებული გამოსაქვეყნებელი ტექსტის თაობაზე.
„ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი… და მთელი ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, რომ თავისი პოზიცია გამოხატონ. ცოტა უფრო მშვიდი რეაგირება უნდა გვქონდეს ასეთ თემებზე“, – აღნიშნა მარგველაშვილმა 22 დეკემბერს საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „თავისუფალ დემოკრატების“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ორშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს: „მე პირადად ძალიან მიჭირს საუბარი ჩემს შემცვლელზე, რომ ვისაუბრო მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე“.
„უბრალოდ ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბრძოლაში დაღუპულ ყველა მეომარს შესაბამისი პატივი უნდა მიეგოს – „ამ კუთხით პასუხისმგებლობა, რომ უნდა დადგეს კონკრეტული, ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, პირველ რიგში, რამ გამოიწვია განცხადების გავრცელება“.
ალასანიას თანაპარტიელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაცილებით უფრო მკვეთრი იყო თავის შეფასებებში, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „სრული კრახი“ და „ყველაზე დიდი კატასტროფა“ უწოდა, რომელიც ამ ხელისუფლებას განუცდია.
მან განაცხადა, რომ „აბსოლუტურად გამორიცხულია“, რომ ამგვარი განცხადება თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე გაეკეთებინა.
„მე მაინტერესებს რა ურჩევნია თავდაცვის სამინისტროს, რისი აღიარება, რომ მათ ეს პოზიცია ჰქონდათ თუ მენეჯმენტი არ უვარგათ – ორივე კატასტროფაა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „როგორ უნდა ენდოს ამის მერე ან 30 ათასი ჯარისკაცი ან საქართველოს მოსახლეობა ამ სამინისტროს მიერ გაკეთებულ რომელიმე განცხადებას… პასუხისმგებელი პირი ვერ გაურკვევიათ და ბოდიში ვერ მოუხდიათ და ჰგონიათ, რომ საიტიდან წაშლით ეს საკითხი მოგვარდება. ასე რომ, ჩემი აზრით, აქ პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს“.