თბილისი გმობს მოსკოვის დაგეგმილ ახალ ხელშეკრულებას ცხინვალთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ე.წ. ხელშეკრულების გზით, რომლის ხელმოწერასაც მოსკოვი მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს, რუსეთი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის „ანექსიას ცდილობს“.

სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების პროექტი რეგიონის ბევრად უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთთან, ვიდრე მოსკოვსა და სოხუმს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტიორობის შესახებ“ ნოემბრის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება.

სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების პროექტი, მისი არსებული ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, სეპარატისტული რეგიონის ბევრი ძირითადი სტრუქტურის რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებთან გაერთიანების გაფორმებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის, უშიშროების, სამართალდამცავი და საბაჟო სტრუქტურები რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამინისტროების და სტრუქტურების შემადგენლობაში უნდა შევიდნენ. პროექტის თანახმად, გაუქმდება სასაზღვრო–გამშვები პუნქტი როკის გვირაბთან, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს რუსეთთან აკავშირებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოსკოვის ურთიერთობებს კურირებს, ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც ის 22 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა.

ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, სურკოვმა განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა 2015 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება.

„რა თქმა უნდა, ახლა რუსეთისთვის საუკეთესო დრო არ არის – ამას ხელს უწყობს სანქციები და ნავთობის ფასების მერყეობა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვის და დაფინანსების ზრდა გაგრძელდება“, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“ სურკოვის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება თიბილოვთან შეხვედრაზე გააკეთა.

„სამხრეთ ოსეთი და რუსეთი განაგრძობენ ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას“, – განაცხადა თიბილოვმა.

22 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის დაგეგმილი ხელშეკრულება წარმოადგენს „90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას“.

ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციის ნებისმიერი ფორმა წარმოადგენს „აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით“.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის განგრძობადი სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და საბოლოო ანექსიის აღსაკვეთად“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთთან დაგეგმილ ხელშეკრულებაზე საუბრისას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა 10 დეკემბერს, რომ მან შესთავაზა მოსკოვს, რომ რეგიონის რუსეთში უფრო ღრმა ინტეგრაციის საკითხი განიხილოს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის შესაძლო სრული გაერთიანება რუსეთის ფედერაციასთან.

მოწოდებები რუსეთთან გაერთიანების თაობაზე ხშირად ისმოდა ცხინვალიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე; მას შემდეგ ეს საკითხი დროდადრო წამოიჭრებოდა ხოლმე. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი, რომლის პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ ივნისში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმს გამართავდა; თუმცა ასეთი რეფერენდუმი სეპარატისტულ რეგიონში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)