პრემიერ-მინიტრთან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე იმსჯელეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 27 დეკემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და მისი მოადგილეები, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი და საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება.

ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია; ასევე საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს უკრაინაში და სხვა სამთავრობო ვიზიტებს.

26 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კიევში მის პირველ ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ამ ვიზიტის ზუსტი დრო უცნობია.