პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ფუნქციონირებას შეუდგა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებას გაუწევს კოორდინაციას, 6 იანვარს პირველად შეიკრიბა.
საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული სუბიექტების კოორდინირებასთან ერთად, საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის იმ თემების განსაზღვრა, რომელიც საგარეო ასპარეზზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი. ამასთან, საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.