საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე კვირას სამუშაო ვიზიტით ეწვევა ლატვიას, რომელმაც 2015 წლის პირველ ნახევარში როტაციის წესით ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადაიბარა.

9 იანვარს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის  „ევროპის განვითარების წელი 2015“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩსთან ერთად მომხსენებელი იქნება პანელზე, რომელიც ქვეყნების მდგრად განვითარებაში კარგ მმართველობასა და ეფექტური და პასუხისმგებლიანი ინსტიტუტების როლს მიეძღვნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს თავის ლატვიელ კოლეგასთან ლაიმდოტა სტრაუიუმასთან; პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩსთან და სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან.

რიგაში პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი,  ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.