საქართველო გმობს პარიზში ჟურნალის რედაქციაზე ‘ბარბაროსულ’ თავდასხმას
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალ-ცალკე განცხადებები გაავრცელეს, სადაც დაგმეს პარიზში 7 იანვარს მომხდარი „საზარელი“ და „ბარბაროსული ტერორისტული აქტი“, რომლის დროსაც სატირული ჟურნალის "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
„ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილობით განცხადებაში.
„ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
„ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას“.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ „სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი – რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)