ღარიბაშვილი რიგაში მოგერინის შეხვდა
რიგაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 იანვარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" იმ ხელშეკრულების შესახებ, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის შემდეგ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს მან ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდება.
შეხვედრა რიგაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „ევროპის განვითარების წელი" ფარგლებში გაიმართა, რომლის გახსნასაც საქართველო პრემიერ-მინისტრი დაესწრო.