პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტში მის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის წევრებიც დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი „შემთხვევა“ აღარ განმეორდება და მთავრობის წევრები წელს მაინც მოახერხებენ დაესწრონ მის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებას პარლამენტში, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერ არ განსაზღვრულა.

გასული წლის 22 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტის წევრები არ დასწრებიან, რასაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 

„მე იმედი მაქვს, რომ შარშანდელი შემთხვევა, მე ასე მინდა ამას დავარქვა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს არ განმეორდება. იმიტომ, რომ ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენს სახელმწიფოს და არც ჩვენს საერთაშორისო თუ შიდა იმიჯს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

„მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს და გამონახავს დროს მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისშია, ამ მოხსენებაზე დასწრების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მან.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნისას მიმართავს პარლამენტს ყოველწლიური მოხსნებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რის შემდეგაც შესაძლებელია გაიმართოს დებატები.

ბოლო წლებში, ყოველწლიური მოხსენების შემდეგ,  როგორც წესი, იმართება დებატები, რომლის ფორმატსაც პარლამენტი განსაზღვრავს. 

„მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ჩემს კოლეგა დეპუტატებთან ერთად განვიხილო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა 13 იანვარს.

გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამჯერ სტუმრობდა პარლამენტს. პირველად ის საკანონმდებლო ორგანოს თებერვალში ყოველწლიური მოხსენების წარსადგენად ეწვია; მეორედ, ივლისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს დაესწრო; მესამედ კი მან დეპუტატებს ნოემბერში მიმართა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. მისი ბოლო სტუმრობის დროს ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის მიუხედევად, პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დებატები არ გამართულა.
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)