მთავრობა ბათუმში მუსლიმ თემს ორ შენობას გადასცემს
მუსლიმთა თემისთვის მთავრობა ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის და ასევე თვის ბოლომდე შეიძენს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობას მუსლიმთა თემისთვის გადასაცემად.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში“ გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება“, – იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია 15 იანვარს.
ეს გადაწყვეტილებები აჭარის მუსლიმთა თემის სულიერ ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ხუთშაბათს გამართული შეხვედრის დროს გააცნო.
„ამასთან, სახელმწიფო უახლოეს მომავალში დააზუსტებს აჭარაში მოქმედი იმ მეჩეთების ნუსხას, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაძლოა სამართავად მუსლიმ თემს გადაეცეს“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
მუსლიმი ლიდერები მიესალმნენ სახელმწიფოს მხრიდან იმ დაგროვილი პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას, რომელიც საქართველოს მუსლიმ თემს აწუხებდა.