საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ენგურჰესის კუთვნილებაზე სოხუმთან მოლაპარაკებებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „კატეგორიულად უარყო“ აფხაზური კომპანია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები "ენგურჰესის" კუთვნილების თაობაზე.

“ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ პრესკონფერენციაზე, სადაც აფხაზურ ენერგოსისტემაში არსებულ „კატასტროფულ მდგომარეობაზე“ ისაუბრა, განაცხადა, რომ "ენგურჰესი" საკუთრების რეესტრში გატარებული არ არის.

„ჩვენ უკვე გავედით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე ამ საკითხის მოსაგვარებლად; თუ ეს არ გადაწყდება დაზარალდება როგორც აფხაზეთი, ისე საქართველო“, – იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 15 იანვარს ბასარიას სიტყვებზე დაყდრნობით.

"ენგურჰესის" კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს.

„დღეს არც ისე ადვილია იმ ობიექტების ბალანსზე აყვანა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ რა შეიცვლება ამით? საკითხს უნდა მივუდგეთ კომპლექსურად. შედეგად თქვენ შეიტყობთ რიგ კონკრეტულ ქმედებებზე“, – განაცხადა ბასარიამ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ  “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება „აცდენილია რეალობას“.

„კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე მოლაპარაკების დაწყებას ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ენგურჰესი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ  პასუხიმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, ენგურჰესი ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ენერგეტიკის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „ენგურჰესის ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც  განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო“, რომელიც უწევს „მონიტორინგს  ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს“ და ასევე ფარავს „ენგურჰესის  ექსპლუატაციის სრულ ხარჯს“.

13 დეკემბერს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამაც წამოწია "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებული საკითხი და განაცხადა, რომ „ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს, უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს“.

ხაჯიმბას ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ შეაფასა, როგორც „პოპულისტური და პროვოკაციული“.

„ეს ტექნიკურად შეუძლებელია“, – განაცხადა მან 15 დეკემბერს, „აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად ამ 20 წლიანი არსებული კონფლიქტისა, ენერგოთანამშრომლობის სფეროში რა სტატუს-კვოც არის და როგორც მუშაობდა ეს კაშხალი, ეს თანამშრომლობა იყო ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, რაც იწვევს ნდობას. მე ნამდვილად მაქვს განცდა და დარწმუნება იმისა, რომ არაფერი ამ საკითხს არ ემუქრება“.