ბერუჩაშვილი უკრაინაზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს ‘ევროპული გეზის’ უცვლელობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში „რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლისა და აგრესიის“ შესაჩერებლად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ უკრაინის მოვლენების გამო მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნება მანამ, სანამ კრემლი არ შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

„დღეს, როგორც არასდროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ერთიანობას, სიმტკიცესა და პრინციპულობას. ეს არის საუკეთესო სტრატეგია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების რეჟიმის შენარჩუნების გზით, სანამ რუსეთი არ შეასრულებს საერთაშორისო შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. 

„ამ ფონზე ჩვენი მოლოდინია, რომ  ევროკავშირი უკომპრომისო იქნება ძირითად ფასეულობებსა და უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში“, – განაგრძო მან, „ამასთან, სანქციების გარდა, აუცილებელია პარალელურად ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა რეგიონში ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების ხელშეწყობისა და ევროპული არჩევანის დაცვისათვის“.

ეს განცხადებები თამარ ბერუაშვილმა 16 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა, რომელსაც ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანთან ერთად სტუმრობდა და მის საჯარო ლექციას დაესწრო.  

გაიმეორა რა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას მიმართ, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ  პროვოცირებული უკრაინის კრიზისი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპის კონტინენტზე“.

„სამწუხაროდ ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა და ეს 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებას წარმოადგენს. ცხადია, რომ რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია ჩვენი ქვეყნების ევროპული კურსის წინააღმდეგ და პირდაპირ უქმნის საფრთხეს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შექმნის იდეას“, – განაცხადა მან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ „რთული ვითარების“ მიუხედავად,  „საქართველოს ევროპული გეზი უცვლელია“.

„ეს არის ჩვენი ევროპული იდეა, რომელიც საზოგადოებაში ფართო  კონსესუსით სარგებლობს და ამ მხრივ საქართველო უნიკალურია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)