თბილისი გმობს გიუმრიში მომხდარ „შოკისმომგვრელ“ მკვლელობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დატრიალებულ ტრაგედიას „შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი“ უწოდა.
კვირის დასაწყისში რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ადგილობრივი ოჯახის ექვსი წევრი ავტომატური იარაღით ამოხოცა. ამ ფაქტს სომხეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მოთხოვნით, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცი, რომელიც დააკავეს, რუსეთს სომხეთისთვის გადაეცა გასამართლებისთვის.
„შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო ის ფაქტი, რომელიც დატრიალდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში და რომელიც უკავშირდება გიუმრიში რუსეთის შეიარაღებული ძალების 102-ე ბაზიდან გაქცეული სამხედროს მიერ ავეტისიანების ოჯახის მიმართ არაადამიანურ, ძალზედ ცინიკურ ქმედებას, რომელმაც იმსხვერპლა ოჯახის ექვსი წევრი“, – განაცხადა 17 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
„ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახს და მათ ახლობლებს; იმედი გვაქვს, რომ გადარჩენილი 7 თვის სერიოჟა ავეტისიანი გადარჩება“, – აღნიშნა მან თავის სატელევიზიო კომენტარში.
ჯალაღანიას განცხადებით, „ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია თავისი სისასტიკით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია“ 21-ე საუკუნეში მომხდარ ტრაგედიებს შორის.
„დარწმუნებული ვართ და გვინდა, რომ გვჯეროდეს, რომ სამართალი და მართლმსაჯულება იზეიმებს და დამნაშავე – იმიტომ რომ ეს ფაქტიურად დადგენილი ფაქტია – შესაბამისად, საკადრისად იქნება დასჯილი“, – აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.