ღარიბაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრება.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის დასაწყისში ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის  კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს დაესწრება; ის ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც  მომავალი წლის ეკონომიკურ პრიორიტეტებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრები „რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან“ და „მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან“, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.

ღარიბაშვილთან ერთად დავოსში ასევე გაემგზავრებიან მისი დელეგაციის წევრები: ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.