თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრები ესპანეთს სტუმრობენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ცალ-ცალკე ოფიციალური ვიზიტებით ესპანეთში იმყოფებიან.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინდია ჯანელიძე თავის ესპანელ კოლეგას პედრო მორენეს ეულატეს შეხვდება, ასევე ეწვევა ესპანეთის ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება თავის ესპანელ კოლეგას ხორხე ფერნანდეს დიასს და ხელს მოაწერს შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იტყობინება შსს.
ამავე ცნობით, მინისტრ ჭიკაიძეს თან ახლავს მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი.
თავდაცვისა და შს მინისტრები ესპანეთში ერთად დაესწრებიან მხატვარ აუგუსტო ფერერ დალმაუს გამოფენას, რომელმაც 2014 წლის გაზაფხულზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გატარებული დღეების შთაბეჭდილებები ნახატებში ასახა, იტყობინება თავდაცვის უწყება.