პარლამენტის თავმჯდომარე ვაზაგაშვილის საქმეზე მთავარ პროკურორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 21 იანვარს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს შეხვდა და დანაშაულის „უსწრაფესი გახსნისკენ“ მოუწოდა.

იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა მისი შვილის, ზურაბის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

უსუფაშვილმა, პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა 2006 წლის მაისში, თბილისში სამართალდამცავთა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულების „დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე“.

„მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა“, – იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური. 

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა“, – ნათქვამია შევედრის თაობაზე გავრცელებულ პრესრელიზში.

ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა მისი შვილის საქმეში გაჩენილ ახალ გარემოებებს უკავშირდებოდეს. კერძოდ, საუბარია მოწმეზე, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავის დროზე სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების სასარგებლო ჩვენება მისცა და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდა იური ვაზაგაშვილს ადრინდელი ჩვენების შეცვლის განზრახვით.

ზურა ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში საშა ხუბულოვთან ერთად ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გახსნა. თუმცა სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულმა ალტერნატიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მანქანიდან, რომელშიც ვაზაგაშვილი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, სროლა არ განხორციელებულა. ვაზაგაშვილების ოჯახმა, რომელიც ხელისუფლებას სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა სასარგებლოდ მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებდა, 2007 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. 

საქმეზე ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო და ის კვლავ მიმდინარეობს.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ვაზაგაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო. ხოლო გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სამართალდამცავი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, კვლავაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მან მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ „მფარველობაში“ დაადანაშაულა.