შუღლის გაღვივებისკენ მოწოდება შესაძლოა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება გახდეს
სისხლის სამართლის კოდექსს შესაძლოა ახალი მუხლი დაემატოს, რომლითაც შუღლის გაღვივებისკენ მოწოდება დასჯადი ქმედება გახდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებების ინიცირება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შუღლის გაღვივების თემასაც მოიცავს, მთავრობამ უკვე ოფიციალურად მოახდინა პარლამენტში.
ცვლილებების თანახმად, მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, „ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით“, ითვალისწინებს პატიმრობას 2-დან 5-წლამდე.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, თუ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდება გამოიხატება „მძიმე შედეგში“, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და სიცოცხლის მოსპობაში, შუღლისკენ მოწოდება დაისჯება 5-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
თუ შუღლის გაღვივებისკენ იურიდიული პირი მოუწოდებს, ის ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით დაისჯება, კანონპროექტის თანახმად.
დაგეგმილმა ახალმა რეგულაციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან ზოგიერთმა დეპუტატმა და უფლებადამცველმა მასში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დაინახა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ "ყოველგვარ მსგავს რისკებს“ გამორიცხავს.
„ლაპარაკია, ძირითადად, ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებზე, რომლებმაც შეიძლება ძალადობრივი შედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე არავითარი რისკის შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მით უფრო, მასმედიის თავისუფლება შეიზღუდება გამორიცხულია. კატეგორიულად ვამბობ, რომ მიზანი არის ერთადერთი, როგორც სიტყვის გამოხატვისა, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ანუ საზოგადოებაში მშვიდობის უზრუნველყოფა… აი ამ ბალანსის მოძებნა არის ყველა თაობის ამოცანა“, – განუცხადა მან 20 იანვარს ჟურნალისტებს.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ახალი მუხლის ფორმულირებაში გარკვეული დაზუსტებების აუცილებლობა გაჩნდება, „იმისთვის არსებობს საპარლამენტო განხილვებისა და დისკუსიის შესაძლებლობა, რომ ეს მომავალში განხილვას დაექვემდებაროს“.
კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები უახლოეს ხანებში დაიწყება.