უცხო ქვეყნის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის კრიმინალიზება იგეგმება
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის „უკანონო“ შეიარაღებულ ფორმირებებში იბრძვიან, სისხლის სამართლებრივ დასჯას დაექვემდებარებიან.
ამის შესახებ საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში შსს-ის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს შუღლის გაღვივების მოწოდების თაობაზე ახალ რეგულაციას. 22 იანვარს ინიცირებულ ამ ცვლილებებზე პარლამენტი უახლოეს ხანებში დაიწყებს მსჯელობას.
კანონპროექტის თანახმად, „უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება ან/და მონაწილეობა ან ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება ან გაწვრთნა, პირთა შეგროვება ან/და უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება“ დაისჯება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იგივე ქმედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით 10-დან 15-წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.
ამ დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება კი, ცვლილებების მიხედვით, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ეს რეგულაცია, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების უკანონო უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის პრევენციას, ვინაიდან „დღეისათვის აღნიშნული საფრთხე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილუბისათვის“.
ახალი რეგულაცია, მიღების შემთხვევაში, შესაძლოა გავრცელდეს საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილ სამხედრო დაჯგუფებაში იბრძვიან სირიაში და ასევე, მათ მიმართაც, ვინც რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ფორმირებების მხარეს შეიძლება იბრძოდეს უკრაინაში.
კანონპროექტის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ახალი მუხლი, რომელიც 8-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს „წინასწარი შეცნობით“ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისთვის.
კანონპროექტი ასევე გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებაში. კერძოდ, 6-დან 9-წლამდე პატიმრობით დასჯადი ხდება უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით; ასევე პასუხისმგებლობა წესდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისთვის პირის გადაბირების და ტერორისტული საქმიანობის „მხარდაჭერისთვის“.