უსუფაშვილი ირანს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 24-27 იანვარს ირანის ისლამურ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური პარასკევს. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან და მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანისთან; ასევე ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

„ოფიციალური შეხვედრების დროს მხარეები ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების საკითხებს და საკანონმდებლო და სამთავრობო დონეებზე სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ“, – იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება ირანის ექსპრეზიდენტს, მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს ალიაქბარ ჰაშემი რაფსანჯანის.

იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

დავით უსუფაშვილთან ერთად ირანში ასევე გაემგზავრებიან ქართული ოცნების დეპუტატები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და მისი პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე; ნაციონალურ მოძრაობის უმცირესობას კი დელეგაციაში მისი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე წარმოადგენს.