ლიტვის პრემიერ–მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ლიტვის პრემიერ–მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩიუსი 25–27 იანვარს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.
ლიტვის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის საკითხები, ასევე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება განხილული.
თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს დილით გამართულ შეხვედრაზე ლიტვის პრემიერ–მინისტრმა განიხილა საქართველო–ლიტვას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის სფეროებში, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.
„ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერ–მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.
დღესვე ლიტვის პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდება და საქართველოში ბალტიისპირეთის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს, ხოლო 27 იანვარს საქართველო–ლიტვის ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
იგი ასევე გეგმავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საველე ოფისის მონახულებას მცხეთაში. მისიის ახალი ხელმძღვანელი ლიტველი დიპლომატი კესტუტის იანკაუსკასია.