პოლიციამ 6.29 კილოგრამი კოკაინი ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბულგარეთის სამი მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთის სამი მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი 6.29კგ კოკაინის შემოტანას ცდილობდნენ სომხეთიდან საქართველოში.

სამი მამაკაცი, რომელთაც სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ, 24 იანვარს ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან აქამდე საქართველოში ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ კოკაინი, სამართალდამცველებს არ ამოუღიათ“, – განაცხადა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ცინარიძემ 27 იანვარს.