საქართველო 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს 2017 წელს უმასპინძლებს

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველო 2017 წელს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

„ორი წლის მუშაობა, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ წამოგვეღო ეს ფინალური ეტაპი საქართველოში, გუშინ ტრიუმფით დასრულდა…  ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი.  ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 27 იანვარს.

19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება და ის მოიცავს საკვალიფიკაციო რაუნდს, ელიტ–რაუნდს  და ფინალურ ტურნირს რვა გუნდის მონაწილეობით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ფინალური ტურნირი თბილისის, რუსთავის, გორის და მცხეთის სტადიონებზე გაიმართება.

2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ამ სეზონის უეფას სუპერ თასს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულები შეხვდებიან.