საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აშშ-ში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც ის აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
„აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევხვდები აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ბატონ ჯო ბაიდენს, რათა განვიხილოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები, ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოვების პერსპექტივები და აშშ-ის როლი რეგიონში“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.
ბერუჩაშვილის თქმით, „დატვირთული“ ვიზიტის ფარგლებში ის ასევე გამართავს შეხვედრებს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან „საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ“.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე გასტანს, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე სახელწოდებით „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“ და მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) დაგეგმილ დისკუსიაში.
თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც მინისტრის რანგში პირველად სტუმრობს ვაშინგტონს, ასევე გამართავს ოფიციალურ სადილს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ელჩებთან აშშ-ში.