ემზარ კვიციანი პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა
ემზარ კვიციანი, რომელსაც უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობის ბრალდებით 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პატიმრობიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მასსა და პროკურატურას შორის 28 იანვარს საპროცესო შეთანხება დაამტკიცა.
კვიციანი, რომელიც კოდორის ხეობას განაგებდა, სანამ 2006 წელს იქიდან სახელისუფლებო ძალები გამააძევებდნენ მას შემდეგ, რაც მან ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, 2014 წლის თებერვალში დააკავეს მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლისას. პროკურატურამ განაცხადა მაშინ, რომ კვიციანს იმიტომ მოუწია საქართველოში დაბრუნება, რომ რუსეთმა მისი „დეპორტაცია“ განახორციელა.
2014 წლის ნოემბერში ზუგდიდის სასამართლომ კვიციანი ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნაში ბრალდებულად ცნო. კვიციანმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ ცნობს, განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე, გასულ კვირას კვიციანის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით.
ამ გარიგების თანახმად, ბრალდებები კვიციანის წინააღმდეგ არ მოუხსნიათ, თუმცა მისი პატიმრობა 11 თვემდე შემცირდა – ეს ის პერიოდია, რომელიც მან 2014 წლის თებერვლიდან უკვე მოიხადა.
„მეორე ინსტანციის სასამართლოში პროცესის დაწყებამდე, პროკურატურამ მსჯავრდებულთან სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ემზარ კვიციანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ მსჯავრში… ემზარ კვიციანს 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა მოხდილად ვადის გასვლის გამო“, – განაცხადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.
„მე დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას იმის გამო, რომ შევატყვე სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი დღევანდელ სასამართლოში“, – განუცხადა კვიციანმა ჟურნალისტებს სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.
2008 წლის აგვისტოს ომამდე, ზემო კოდორის ხეობა ერთადერთი ადგილი იყო სეპარატისტულ აფხაზეთში, რომელიც თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა. გასამხედროებული ჯგუფი ”მონადირე”, რომლის მეთაურიც ემზარ კვიციანი იყო, მას შემდეგ შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ხეობის დაცვის მიზნით, რაც 1992 წელს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. ეს ჯგუფი განაგებდა ხეობას, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება კოდორის ხეობაზე მხოლოდ პირობითი იყო. თუმცა, ეს სიტუაცია 2006 წლის ზაფხულში შეიცვალა. კვიციანმა 2006 წლის 22 ივლისს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და ამის მიზეზად „მონადირის“ დაშლის გეგმები დაასახელა; საპასუხოდ, ხელისუფლებამ კოდორში სამხედრო ძალები გაგზავნა, რის შემდეგაც კვიციანი იძულებული გახდა ხეობიდან გაქცეულიყო.
როდესაც პირველად გაცხადდა, რომ პროკურატურა კვიციანთან საპროცესო გარიგებას გეგმავდა მისი ციხიდან გამოშვების მიზნით, ზოგიერთი დეპუტატი ქართული ოცნებიდან მიესალმა ამ ნაბიჯს.
„კვიციანის მიმართ ძალიან არაობიექტური გადაწყვეტილებაა გამოტანილი და გარკვეული შეცდომები, გარკვეული გადამეტებები შეიძლება ამ ადამიანს ქონდეს, მაგრამ ამ კაცს რომ ქვეყანა უყვარს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მე მგონი. პირადად მე ნამდვილად არ მეპარება და არის აბსოლუტურად არაადეკვატური განაჩენი მის მიმართ და არაადეკვატურ სიტუაციაშია ეს კაცი. თავის ფეხით ჩამოვიდა და სიმართლის საუბარი დაიწყო“, – განაცხადა დეპუტატმა დავით საგანელიძემ 26 იანვარს, რომელსაც კვიციანისთვის 12 წლიანი პატიმრობის შეფარდება ჰქონდა მხედველობაში.
კვიციანის გათავისუფლება დაგმო ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის მთავრობაში ყოფნის დროსაც გამოუცხადა კვიციანმა დაუმორჩილებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას.
„როგორც ჩანს ეს გარიგება იდება იმიტომ, რომ ემზარ კვიციანი და მისნაირები გამოყენებული იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ; მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანებით დაგვაშინებენ“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, „ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არ იღებს პროკურორი; როგორც ჩანს, ეს არის გადაწყვეტილი ღარიბაშვილის და ივანიშვილის დონეზე“.
„კვიციანის ციხიდან გამოშვება, ადამიანის, რომელმაც ღიად აიღო იარაღი ხელში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ღიად ამბოხდა, საჯაროდ და შემდეგ ადამიანის, რომელიც შეიფარა ჯერ მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმში, შემდეგ კი ჩვენმა მტერმა რუსეთში ამდენი წლის განმავლობაში, არის ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ, ქვეყნის უსაფრთხოების მორღვევისკენ, ქვეყნის საფუძვლების დანგრევისკენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან.