პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვაკანტურ ადგილებზე პარლამენტს კანდიდატები წარუდგინა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შერჩეული ცხრა კანდიდატურა წარუდგინა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 3 თებერვალს.
5 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სულ 33 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, საიდან შერჩეული ცხრა კანდიდატიდან უმეტესობის საქმიანობა კომუნიკაციების კომისიას უკავშირდება.
ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი არიან: ანა ნაკაშიძე და მერაბ ქათამაძე – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ამჟამინდელი კონსულტანტები; ასევე აკაკი სიხარულიძე – 2009 წლიდან ამ კომისიის წევრი, რომელსაც თანამდებობაზე დარჩენა მეორე ვადით სურს.
მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზებულია ელისო ასანიძის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის; რატი სხირტლაძის, ამავე კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის; და სიმონ ნოზაძის, დაცვის კომპანია „ატლანტი-უსაფრთხოების“ გენერალური დირექტორის კანდიდატურები.
მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილები არიან: გიორგი ფრუიძე, 2004-2009 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი; სერგო შავგულიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი და თამარ ალფაიძე, ლექტორი.
კომუნიკაციების ხუთწევრიან კომისიაში უფლებამოსილების ვადა გასდით: აკაკი სიხარულიძეს, სოფიო ბრიტანჩუკსა და ირაკლი მოსეშვილს, რომლებიც 2009 წელს იქნენ წევრებად არჩეულნი.
კომისია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს, მათ შორის ლიცენზიების გაცემის გზით, არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება და მისი შემოსავლის წყაროს ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური წარმოადგენს.