პარლამენტმა ცესკოს სამი ახალი წევრი აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წარდგენილი ექვსი კანდიდატიდან კომისიის სამი ახალი წევრი 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე აირჩია.

ცესკოში გიზო მჭედლიძის შემცვლელად პარლამენტმა 86 ხმით 4-ის წინააღმდეგ გიორგი ჯავახიშვილი აირჩია, 2007-12 წლებში ცესკოს წევრი, რომელიც ფინანსთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილეა. მისმა კონკურენტმა, ლევან ტურაშვილმა, განათლების სამინისტროს იურისტმა კენჭისყრაზე სულ 5 დეპუტატის ხმა მიიღო.

თამაზ შარმანაშვილის ადგილს ცესკოში ზურაბ ხრიკაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მშვიდობისა და განვითარების პროექტის თანამშრომელი დაიკავებს; ხრიკაძე პრეზიდენტმა დეკემბერშიც წარადგინა ცესკოს წევრად, თუმცა მაშინ მან მხოლოდ 38 დეპუტატის ხმა მიიღო; მეორე ცდაზე კი მას ამჯერად 105-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მისმა კონკურენტმა, დავით ღონღაძემ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის თბილისის ოფისის პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო სამართლის ოფიცერმა 4 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე მხოლოდ 11 ხმა დააგროვა.

კონსტანტინე კირვალიძეს ცესკოში გიორგი ჭიქაბერიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე შეცლის, რომელმაც 98 დეპუტატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. მისმა კონკურენტმა ნათია ჯიქიამ კი, რომელიც 2003 წლიდან NDI-ის თანამშრომელი იყო და ამჟამად ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მრჩეველია, 44 ხმა დააგროვა.

ცესკოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა კონკურსი 8 დეკემბერს გამოაცხადა და მასში სულ 37-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პროფესიული ნიშნით არჩეული ცესკოს ხუთივე წევრი შეცვლილია. შვიდი წევრი პარტიების მიერ არის წარდგენილი ცესკოში.