სატელევიზიო რეკლამის ახალი რეგულაციები მეორე მოსმენით მიღებულია
პარლამენტმა 5 თებერვალს მეორე მოსმენით 63 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც სატელევიზიო რეკლამის განთავსების ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს.
ამ ცვლილებების თანახმად, მაუწყებელს საათში მხოლოდ 20% ანუ 12 წუთი შეეძლება დაუთმოს რეკლამას. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაიმ-ტაიმში, როცა ყველაზე მეტი რეკლამა გადის ეთერში, სარეკლამო დროის ოდენობა შეიზღუდება.
მოქმედი წესებით, მაუწყებელს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის თანახმადაც, ტელევიზიებს დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% შეუძლია გამოიყენოს რეკლამისთვის ან ტელეშოპინგისთვის და ეს დრო სურვილის მიხედვით გადაანაწილოს.
ამ წესის შენარჩუნებას, საათობრივი ლიმიტის შემოღებასთან ერთად, ითვალისწინებდა კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორობით მოამზადა და რომლის პირველადი ვარიანტის მიმართ ტელეკომპანიებმა არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს.
5 თებერვალს საპარლამენტო განხილვის დროს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიების შენიშვნების უმეტესობასთან ერთად, მათ ასევე გაითვალისწინეს მოთხოვნა მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით დაწესებული 20%-იანი შეზღუდვის გაუქმების თაობაზე.
ტყემალაძის განცხადებით, კანონპროექტიდან ასევე ამოიღეს ნორმა, რომელიც სატელევიზიო პროგრამების ანონსებში სპონსორებზე მითითებას კრძალავდა – ამგვარი მითითებისთვის საათში 4 წუთიანი ლიმიტი წესდება; ტელეკომპანიის სხვა შენიშვნებთან ერთად, ტყემალაძის თქმით, გათვალისწინებულია იმ წესის ორი წლით შენარჩუნება, რომლის მიხედვითაც ახალი ამბების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა შეიძლება 15 წუთში ერთხელ – ეს ლიმიტი 30 წუთამდე 2017 წლის 15 იანვრიდან გაიზრდება.
ტყემალაძემ ასევე განაცხადა, რომ იმ შენიშვნებიდან, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთ გამოკვეთილ ოპონენტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ჰქონდა, ერთადერთი მხოლოდ ის შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული, რომელიც საათში 20%-იანი სარეკლამო ლიმიტის ამოქმედების 2016 წლისთვის გადავადებას ეხებოდა. მისი თქმით, ეს რეგულაცია 2015 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში.
მან ახალი რეგულაციების მიღების მიზეზად ევროდირექტივებთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა დაასახელა, რათა მომხმარებლების ინტერესები იქნას დაცული.
დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან საპარლამენტო დებატების დროს განაცხადეს, რომ ევროდირექტივებს, რომელიც ამ რეგულაციების დაუყოვნებლივ ამოქმედებას არ მოითხოვს, ხელისუფლება საბაბად იყენებს და ეს ცვლილებები რეალურად მიმართულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, რათა მისი შევიწროვება ფინანსური შემოსავლების შეზღუდვით მოხდეს. მათ ასევე მოუწოდეს შეჩერდეს კანონპროექტის მიღება, რომლის უკანაც მათი ვარაუდით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის დგას.
„დარტყმა მოდის სწორედ „რუსთავი 2“-ზე“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა, „რატომ? იმიტომ, რომ არ მოგწონთ „რუსთავი 2“, იმიტომ, რომ რასაც ამბობს მაინცდამაინც არ ეხმარება ხელისუფლების იმიჯს… იმიტომ, რომ ის ამბობს კრიტიკულად, მწვავედ, მაგრამ იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ და რაც ქვეყანაში მაინც ხდება. ამიტომ ეს გინდათ, რომ შეზღუდოთ, გინდათ რომ ალტერნატიული აზრი არ არსებობდეს“.
„თუ ამის მიზეზი არ არის კონკრეტული ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის დაზიანება ფინანსურად, მაშინ მოგიწოდებთ გადავდოთ ეს განხილვა და მაშინ გავაგრძელოთ, როდესაც შევჯერდებით კონკრეტულ მედია საშუალებებთან ამ პირობებზე,“- მოუწოდა კოლეგებს უმრავლესობიდან დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.
„რა შუაშია "რუსთავი 2"? ეს ყველა მაუწყებელს ეხება… მაგრამ თქვენ გადარდებთ მხოლოდ „რუსთავი 2“, – მიმართა კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ ტყემალაძემ.
თუმცა მრეწველების ლიდერმა და ქართული ოცნების დეპუტატმა გოგი თოფაძემ, რომელმაც 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა შეახსენა, კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან განუცხადა: „გაიხსენეთ „იმედს“ რა უქენით – შევარდით, დაარბიეთ, დახოცეთ კინაღამ ხალხი. „რუსთავი 2“-ს, რომელიც წლების მანძილზე არაობიექტურ შეფასებას აძლევს მოვლენებს და ცალმხრივია, ბუნებრივია, რომ რაღაცა შეუზღუდეს“.
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები „სიტყვის თავისუფლების“ წინააღმდეგ არის მიმართული და მიღების შემთხვევაში, მან პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდა.
„არსებობს გამოცდილება საქართველოში, რომ არცერთ ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდა მედიას, არ მოუგია, მას შეექმნა პრობლემები, მაგრამ პრობლემები შეექმნა ასევე ქვეყანასაც“, – განაცხადა მან.
დეპუტატი ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნინო გოგუაძე მიესალმა კანონპროექტში "ბევრი" შენიშვნის გათვალისწინებას, თუმცა განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს მას, ვინაიდან „ამ რეგულაციების ასე ფორსირებულად შემოღება წარმოადგენს ბაზრის ფორმირებაში ხელოვნურ ჩარევას და ასევე შეიძლება, რომ აღვიქვათ, როგორც კონკრეტული მედია საშუალებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.
ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპონენტების შეფასებები, მითუმეტეს კანონპროექტში გათვალისწინებული არაერთი შენიშვნის შემდეგ, „არ შეესაბამება რეალობას“ და იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საერთაშორისო დონეზე „დეზინფორმაციის“ გატანას ემსახურება.
„არცერთი მედია საშულება არ არის არანაირი საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ვოლსკიმ.