საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის შესახებ მინსკის შეთანხმებაზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიესალმა მინსკის შეთანხმებას უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს შორის და განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა „სრულფასოვნად შეასრულოს“ ის, თუმცა მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაიხსენა და დასძინა, რომ საქართველოს „ძალიან ცუდი გამოცდილება“ აქვს ამ კუთხით.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს მინსკში მიმდინარე ურთულეს მოლაპარაკებებს და მოუთმენლად ველოდით შედეგებს, რომელსაც უნდა დაესრულებინა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან თბილისში თავის რუმინელ კოლეგასთან ბოგდან აურესკუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ მივესალმებით შედეგს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ განსხვავებით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6–პუნქტიანი შეთანხმებისა, რუსეთი შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აღნიშნულია ამ შეთანხმებაში და სრულფასოვნად პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და პრინციპებს. მე მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენი სოლიდარობა და ასევე დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ უმნიშვნელოვანესია, რუსეთმა დაიწყოს ამ ხელშეკრულების სრულფასოვნად შესრულება. სამწუხაროდ, საქართველოს აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ამ მიმართულებით და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ჩართულები არიან მონიტორინგის მისიის სახით საქართველოში, რომ ეს პრობლემა რეგიონში, ზოგადად უკრაინაში მიმდინარე პროცესები არ დაინახონ, როგორც იზოლირებული ერთი კომპონენტი, ერთი ელემენტი, არამედ როგორც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მთლიანი სურათის შემადგენელი ნაწილი რეგიონში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია გავლენის სფეროებთან რუსეთის სამეზობლოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, განსაკუთრებით, უფრო ყურადღებით მოეკიდებიან ამ საკითხს და სრულად გაიზიარებენ იმ საფრთხეს და გამოწვევებს, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმება „მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კრიზისის მოგვარებაში წინ გადადგმული ნაბიჯი, თუ ის მკაცრად იქნება დაცული“.
„ჩვენ უნდა შევხედოთ შესრულდება, თუ არა ის, პატივს სცემენ თუ არა ცეცხლის შეწყვეტას, შევხედოთ გამოიყვანენ თუ არა მძინე ტექნიკას, როგორც ამის თაობაზე დოკუმენტშია შეთანხმებული და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ შევაფასოთ, არის თუ არა ეს წინ გადადგმული ნაბიჯი კრიზისის მოგვარებაში“, – დასძინა მან, „აღარ გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთი გაყინული ან გაჭიანურებული კონფლიქტი ჩვენს სამეზობლოში“.