რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ, რომელიც 12–13 თებერვალს საქართველოს სტუმრობს, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
„ამ მიზნებს სჭირდება სიმტკიცე და ერთგულება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართ, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ფოკუსირება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს ამ სფეროებში“, – განაცხადა მან 13 თებერვალს თავის ქართველ კოლეგასთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან განაცხადა, რომ რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირება განახორციელა, „მხარს უჭერს და მოუწოდებს ევროკავშირის შიგნით ყველა წევრ სახელმწიფოს, რომ სწრაფი რატიფიკაცია განხორციელდეს, თუ შესაძლებელია [აღმოსავლეთ პარტნიორობის] რიგის სამიტამდე“.
მისი თქმით, რუმინეთი ასევე უჭერს მხარს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებას. „მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია და პოლიტიკურად ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მას მხარს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი „კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას“ თანამშრომლობის იმ არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც მას ნატოს ლიდერებმა უელსის სამიტზე შესთავაზეს.
„რუმინეთი ექსპერტებით დაეხმარება ამ ძალისხმევას“, – განაცხადა აურესკუმ.
მისი თქმით, არსებობს პოტენციალი, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს. მან აღნიშნა, რომ საბორნე მიმოსვლა კონსტანტას (რუმინეთი), ბათუმსა (საქართველო) და ილიჩევსკს (უკრაინა) შორის, რომელიც ოქტომბერში ამოქმედდა და რომელიც კასპიის და შავი ზღვის რეგიონებს აკავშირებს, „ძალიან კარგად მუშაობს“.
აურესკუმ ასევე განაცხადა, რომ ამ სატრანსპორტო კავშირის გაფართოების შესაძლებლობა იქნება დღის წესრიგის ერთ–ერთი მთავარი საკითხი, როდესაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს და ასევე შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელშიც რუმინეთს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს და 40–მდე თანამშრომლითაა წარმოდგენილი. იგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.