მოსკოვი აფხაზეთისთვის დაპირებულ ფინანსურ დახმარებას ადასტურებს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოსკოვის ურთიერთობებს კურირებს, 16 თებერვალს სოხუმს სტუმრობდა, სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთში არსებული სირთულეების მიუხედავად, მოსკოვი არ შეუწყვეტს აფხაზეთს დაპირებულ ფინანსურ დახმარებას.
ნოემბერში სეპარატისტულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ 2015 წელს აფხაზეთისთვის სულ ცოტა 9.2 მილიარდი რუბლის (მაშინ 205 მილიონ აშშ დოლარზე მეტი და ახლა, დაახლოებით, 146.4 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს.
„ჩვენ დავადასტურეთ რუსეთის ვალდებულებები – როგორც წინა, ისე ახალი, რომლებიც ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდება“, – განუცხადა სურკოვმა ჟურნალისტებს სოხუმში აფხაზეთის ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ.
„მინდა შეგახსენოთ, რომ თავდაპირველად აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროგრამების დაფინანსებაზე 4 მილიარდი რუბლის გამოყოფა იგეგმებოდა, თუმცა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ეს თანხა კიდევ 5 მილიარდი რუბლით გაიზარდა – რაც ორმაგ ოდენობაზე მეტია“, – განაცხადა სურკოვმა.
„დღეს რუსეთში არცთუ მარტივი სიტუაციაა; მიმდინარეობს ხარჯების შემცირება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვიცე–პრემიერის ალექსანდრე ხლოპონინის თხოვნით მიიღო გადაწყვეტილება არ შეამციროს ის ხარჯები, რომლებიც აფხაზეთის მხარდაჭერას უკავშირდება“, – განაცხადა მან.
„რაც დაგეგმილი იყო – ის 9 მილიარდ რუბლზე მეტი – სრულად გამოეყოფა აფხაზეთის ხელმძღვანელობას და მთავრობას. რა თქმა უნდა, უნდა შევხედოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ფულის უკეთ ინვესტირება – ეს აფხაზური მხარის საქმეა, თქვენ უკეთ იცით, როგორ და რაზე დახარჯოთ ის“, – განაცხადა სურკოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საინვესტიციო სააგენტოს, რომელიც „აფხაზეთის განვითარების“ მიზნით რუსეთში ჩამოყალიბდა, დაახლოებით, 3 მილიარდი რუბლი აქვს გამოყოფილი, რაც რუსეთის ბიუჯეტში აფხაზეთისთვის განკუთვნილი დამატებითი ფინანსური რესურსია.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ წინ აბსოლუტურად გასაგები და ოპტიმისტური მომავალი გვაქვს“, – დასძინა სურკოვმა.
აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ „ყველაფერი, რაც შეთანხმებულია [ნოემბერში] ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელდება“.
„მინდა იმედი გავუცრუო ყველას, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთმა შესაძლოა ვერ მიიღოს ყველა ის შესაძლებლობა, რაზეც რუსული მხარე საუბრობდა. ყველაფერი შესრულდება; შესაძლებელი იქნება პენსიების და ხელფასების გაზრდა“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
მან ასევე განაცხადა, რომ ასევე განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის გზებთან და წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებული და ასევე ის პროექტებიც, რომლებიც „ეკონომიკის განვითარებას“ ისახავს მიზნად.