აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თბილისში მოლაპარაკებები გამართა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა, რომელიც 17-18 თებერვალს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის „ურყევი“ მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მოუწოდა საქართველოს, რომ 2015 წელი რეფორმების დაჩქარებისთვის გამოიყენოს.

ნულანდი, რომელიც თეთრი სახლის და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. მან 16 თებერვალს მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანში, ხოლო 18 თებერვალს სომხეთში გაემგზავრა.

დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, ასევე ნაციონალური მოძრაობის  და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს. ვიზიტის დროს დელეგაციის წევრი ეველინ ფარკასი, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს შეხვდა.

„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, თქვენი დემოკრატიული კურსის, ევროპული გზის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განუცხადა ნულანდმა ჟურნალისტებს 17 თებერვალს.

მან განაცხადა, რომ თბილისში გამართული შეხვედრების დროს განიხილეს აშშ–ს და საქართველოს შორის არსებული „ძლიერი ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში“.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე და 2015 წელს თქვენ ამერიკის სერიოზულ როლს დაინახავთ ამაში“, – განაცხადა ნულანდმა, რომელმაც საქართველოს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ის მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერებაზე; მე ასევე ვისაუბრე ოპოზიციასთან რეფორმების კუთხით მათი იდეების შესახებ – ეს ის სფეროა, სადაც მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა შეძლონ გაერთიანება, რათა მხარი დაუჭირონ ძლიერ ზრდას და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან“, – განაცხადა ნულანდმა.

„რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის კუთხით არსებული კლიმატი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგრძელდეს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერება და საქართველოს შეუნარჩუნდეს პოზიტიური კურსი“, – განაცხადა აშშ–ის  სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

„მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ პროკურატურის და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა განახორციელოს“, – განაცხადა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ „შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვა აუცილებელია“ და დასძინა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „იზრუნოს მომავალზე, იზრუნოს ინსტიტუციონალურ, სტრუქტურულ რეფორმებზე და უზრუნველყოს, რომ სრული გამჭირვალობა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები იქნას დაცული იმ საქმეებში, რომლებიც ახლა სასამართლოებში განიხილება“.

„ჩვენ ასევე ოდნავ შევეხეთ ეუთოს რეკომენდაციებს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ ერთად შეგვიძლია მუშაობა“, – განაცხადა მან, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რა ეუთოს იმ დამკვირვებლების მიერ მომზადებული„სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიში“, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნების 14 სასამართლო პროცესს აკვირდებოდნენ და რომელთაც ხარვეზები გამოავლინეს და რეკომენდაციები მოამზადეს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად.

„თქვენი დემოკრატია თქვენი უდიდესი დაცვაა გარე ჩარევისგან; ეს ასევე საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ ეკონომიკური რეფორმა წარმატებული იქნება, რომ პოლიტიკა ცივილიზებული დარჩება“, – განაცხადა ნულანდმა.

„ამრიგად, ზოგადად ჩვენი გზავნილი ეხებოდა ერთობას, წინსვლას და 2015 წლის გამოყენებას რეფორმების დაჩქარებისთვის, მუშაობის დაჩქარებისთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე ეხებოდა იმას, რომ ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს, ერთად უნდა იმუშავონ თქვენი დემოკრატიისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ამაყობს, რომ თქვენი პარტნიორია და ჩვენ ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი“.