რუსეთის საგარეო უწყება: ‘ანექსიის თაობაზე საკუთარი ინსინუაციებით თბილისს რუსეთის დისკრედიტაცია სურს’

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი 17–19 თებერვალს მოსკოვს სტუმრობს, რათა ხელი მოაწეროს რუსეთთან შეთანხმებას „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ.

17 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის შეთანხმება „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ „გააქარწყლებს ქართული მხარის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინსინუაციებს, თითქოსდა მზადდება სამხრეთ ოსეთის „ანექსია“, „შთანთქმა“, „შემოერთება“.

„ამგვარი შეხედულებების მიზანია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია და მისი ახალგაზრდა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის არსის დამახინჯება“, – განაცხადა სამინისტრომ.

მოსკოვი და ცხინვალი ასევე ამზადებენ ახალ ხელშეკრულებას „მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ შესახებ, რომელსაც თბილისი გმობს, როგორც რუსეთის მიერ რეგიონის „დე ფაქტო ანექსიას“.

სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების პროექტი, მისი არსებული ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, სეპარატისტული რეგიონის ბევრი ძირითადი სტრუქტურის რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებთან გაერთიანების გაფორმებას ითვალისწინებს. ხელშეკრულების პროექტის თანახმად, სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის, უშიშროების, სამართალდამცავი და საბაჟო სტრუქტურები რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამინისტროების და სტრუქტურების შემადგენლობაში უნდა შევიდნენ. პროექტის თანახმად, გაუქმდება სასაზღვრო–გამშვები პუნქტი როკის გვირაბთან, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს რუსეთთან აკავშირებს.  

„რუსეთის ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან იყო და დარჩება ურთიერთხელსაყრელ, ურთიერთპატივსაცემ პარტნიორობად თანასწორ მეგობარ სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

„ის რევანშისტული განწყობა, რომელიც შენარჩუნებულია თბილისში, განაპირობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განსაკუთრებულ აქტუალობას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსდა რუსული სამხედრო ბაზა, ჩვენი მესაზღვრეები საქართველოსთან [სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის] რესპუბლიკის საზღვრების დაცვას ახორციელებენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)