უგულავას გირაოზე უარი უთხრეს და წინასწარ პატიმრობაში დატოვეს
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გირაოთი გათავისუფლების თაობაზე წინასწარი პატიმრობიდან, რომელშიც ის თითქმის რვა თვეა იმყოფება იმ ფონზე, როდესაც მის წინააღმდეგ წაყენებულ მთელ რიგ ბრალდებებზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. თავად უგულავა უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
უგულავას ადვოკატებმა კვირის დასაწყისში შუამდგომლობა დააყენეს და 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ბრალდების მხარე ამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ივლისში წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ რაიმე ახალ გარემოებას ადგილი არ ჰქონია, რომელიც გაამართლებდა დაცვის მხარის შუამდგომლობას უგულავას გირაოთი გათავისუფლების თაობაზე; ბრალდების მხარემ უთხრა მოსამართლე ნინო სანდოძეს, რომ უგულავა პატიმრობაში უნდა დარჩეს, რათა მას არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ დატოვოს ქვეყანა ან სხვა მხრივ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას.
„მოსამართლემ თქვა, რომ მიმალვის საფრთხე არსებობსო, როდესაც ბრალდებული უგულავა ცამეტჯერ დაბრუნდა საქართველოში ბრალდებულის სტატუსით – ამ ფონზე მიმალვის საფრთხე როგორც შეიძლება არსებობდეს ობიექტური დამკვირვებლისთვის, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია“, – განაცხადა უგულავას ადვოკატმა ოთარ კახიძემ, „მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით. შესაბამისად, გიგი უგულავას დაკავება და დაპატიმრება სწორედ ამ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა“.
უგულავა 3 ივლისს დილით თბილისის აეროპორტში კიევში გაფრენის წინ დააკავეს. მას უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა აღებული და მოგვიანებით, იმავე დღეს უნდა ჩამოფრენილიყო, რათა 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადებულიყო. ერთი დღით ადრე თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის თაობაზე. უგულავას რამდენჯერმე ჰქონდა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთილი მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი.
დაპატიმრების შემდეგ უგულავას ორ ცალკე საქმეზე წაუყენეს ბრალი – ერთი ფულის გათეთრების ბრალდებას, ხოლო მეორე ივნისის დასაწყისში მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირების ინციდენტს უკავშირდება.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა.