ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ ზურაბ აბაშიძის გამოწვევის შემდეგ, ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე გახდა
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ 19 თებერვალს ვიცე-სპიკერი, თავისუფალი დემოკრატების დეპუტატი ზურაბ აბაშიძე თანამდებობიდან გამოიწვია და მის ნაცვლად სპიკერატში უმრავლესობის კვოტით ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე 104 ხმით, ერთხმად იქნა არჩეული.
ზურაბ აბაშიძე სპიკერატში ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული. ოპოზიციონერის რანგში ის ამ თანამდებობას ოთხი თვის მანძილზე ინარჩუნებდა მას შემდეგ, რაც მისი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მმართველ კოალიციას გამოეყო.
აბაშიძის გამოწვევის თაობაზე უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თხოვნა პარლამენტმა კენჭისყრის გარეშე, ცნობად მიიღო.
ამ დროისთვის საპარლამენტო თანამდებობებს ინარჩუნებს „თავისუფალი დემოკრატების“ სამი წევრი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი.
მათი შესაძლოა გადაყენების თაობაზე დროდადრო იწყებენ საუბრებს ქართული ოცნების ცალკეული დეპუტატები, თუმცა ამ დრომდე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.