PACE–ს მომხსენებელი მოუწოდებს საქართველოს ‘არ გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის’

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა „წინასწარი პატიმრობის დროს დარღვევების“ საკითხებში, ესპანელმა დეპუტატმა პედრო აგრამუნტმა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარეა PACE–ში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ წინასწარი პატიმრობა „პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“ არ გამოიყენოს.     

„საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია წინასწარი პატიმრობების გამოყენების შემცირების კუთხით. ზოგადი გაუმჯობესების ფონზე, გამიკვირდა იმის გაგება, რომ წინა ხელისუფლების ამ რაოდენობის წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ზოგიერთი მათგანი მკაცრად იზოლირებულია,  უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად“, – განაცხადა აგრამუნტმა, რომელიც მიმდინარე კვირას საქართველოს სტუმრობდა შემაფასებელი მისიით. 

„შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს წინამორბედების წინააღმდეგ ამჟამინდელი ხელისუფლების მწვავე კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა აგრამუნტმა, რომელიც ასევე PACE–ს თანამომხსენებელია აზერბაიჯანზე.

„პოლიტიკური მეტოქეების დემონიზაცია, რაც, როგორც ჩანს, ორმხრივია საქართველოში, არ არის ჯანსაღი მახასიათებელი დემოკრატიისთვის, და დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავების უფლებამოსილება არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული ან ამგვარად აღქმული“, – განაცხადა მან.

თბილისში აგრამუნტმა ასევე მოინახულა ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც ან წინასწარი პატიმრობაში იმყოფებიან ან უკვე სასჯელს იხდიან. მან ციხეში მოინახულა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლებიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მთელ რიგ ბრალდებებში, და ასევე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

შემფასებელი მისიის ვიზიტი საქართველოში მანამ განხორციელდა, ვიდრე PACE–ს მომხსენებელი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში წინასწარი პატიმრობის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ანგარიშს მოამზადებს; ამ მიზნით ის უკვე სტუმრობდა რუსეთს და თურქეთს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)